მეორე წელია „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ ქართულ ბიზნესს საერთაშორისო პარტნიორებთან აკავშირებს და ეხმარება საქმიან ადამიანებს თავიანთი ბიზნესის არეალის გაფართოებაში.
„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით რიგით მეორე „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ გაიმართა, რომელმაც 250-მდე დელეგატს უმასპინძლა. ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება გახლდათ თემა, რომელმაც გააერთიანა სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 23-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველად ესტუმრა მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი. „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში მოწვეულმა 15-მდე სპიკერმა და საპატიო სტუმარმა ჩაატარა მასტერკლასები ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი თემების შესახებ.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, და სხვა მაღალი რანგის სამთავრობო პირებმა.
ღონისძიებაში წელს, ისევე როგორც გასულ წელს, აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის წარმატებით წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმს, მათ შორის GAACC–ისა და „არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივას“ შორის, ასევე GAACC–ისა და „ყაზახეთი-სლოვენიის ბიზნეს კლუბს“ შორის. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთიანი პროექტების განხორციელება.
ფორუმის ორგანიზატორების შეფასებით, ღონისძიების მთავარი მიზანი მიღწეულია. საერთაშორისო დელეგატებმა გაიცნეს საქართველო – პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო საინვესტიციო პოტენციალით. ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორებმა დელეგატებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს საერთაშორისო პლატფორმა ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად. ფორუმის მონაწილეთათვის გამართული B2B მიღების ფარგლებში ახალ თანამშრომლობებს საფუძველი უკვე ჩაეყარა, ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი კი სულ მალე შეაფასებს ღონისძიების შედეგებს.
საქართველოში პირველად „გლობალური ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა

ღონისძიება გამორჩეული იყო იმით, რომ უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა. ჯამში ფორუმს 200-მდე ადამიანი დაესწრო.
„გლობალურ ბიზნეს ფორუმში” აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის წარმატებით წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს ეწვია არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩი Dr. Jassim Mohamed Al Qasemi.
ღონისძიების განმავლობაში დაგეგმილი მოხსენებების, მასტერკლასების და პანელური დისკუსიების გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო „საქმიან ქალთა გაერთიანებას“ და „ყატარის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
„ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანების” სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ღონისძიების მთავარი მიზანია, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანების” პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.
საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები. ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას.“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.
როგორც „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ აღნიშნა ღონისძიება აუცილებლად მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.
„საქმიან ქალთა გაერთიანება“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას და საქმიანი ქალების ხელშეწყობას საქართველოში. ღონისძიებაზე მუშაობის ფარგლებში ბევრი ახალი იდეა და თანამშრომლობა გაჩნდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მომავალ ფორუმამდე მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნული პარტნიორობის გამყარებას.